განათლების ოთხი გზა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით

(დაწყებით და საშუალო სკოლის პროგრამაში  კლიმატის ცვლილების თემის შეტანა მომავალ თაობას ამ პრობლემაზე რეაგირებაში დაეხმარება. ფოტო აზიის განვითარების ბანკი)
(დაწყებით და საშუალო სკოლის პროგრამაში კლიმატის ცვლილების თემის შეტანა მომავალ თაობას ამ პრობლემაზე რეაგირებაში დაეხმარება. ფოტო აზიის განვითარების ბანკი)

By Shanti Jagannathan, Arghya Sinha Roy

განათლება კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების ფუნდამენტური ხელსაწყოა, თუმცა მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად გამოყენებული.

კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების საშუალო სკოლების მოსწავლეთა მხოლოდ 16% რომ იღებდეს კლიმატის ცვლილების შესახებ განათლებას, – 2050 წლისთვის შევძლებდით ნახშირბადის გამოყოფის თითქმის 19 მილიარდი ტონით შემცირებას.

კლიმატის ცვლილებაზე განათლების პროგრამების გაძლიერება სასარგებლო იქნებოდა სხვა მიმართულებითაც. ეკონომიკისა და კლიმატის გლობალური კომისიის მონაცემებით თუ ქვეყნები 2018-2030 წლებში კლიმატის ცვლილების შესამცირებლად გაბედულ ნაბიჯებს გადადგამდნენ 2030 წლისთვის შეძლებდნენ 65 მილიონზე მეტი ისეთი სამუშაო ადგილის შექმნას, რომლებიც ნახშირბადის დაბალ გამოყოფას უზრუნველყოფდნენ და გლობალურ ეკონომიკას დამატებით 26 ტრილიონ აშშ დოლარს მოუტანდნენ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გათვლით 2016-2030 წლებში შესაძლებელია დაახლოებით 23 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის კლიმატგონივრული ინვესტირების მოზიდვა ეროვნული კლიმატის ცვლილების ძალისხმევის ფარგლებში.

განათლება უმნიშვნელოვანესია იმ პროფესიონალების მოსამზადებლად, რომლებიც აღნიშნული სარგებლის მიღებაში დაგვეხმარებიან. არსებობს ოთხი გზა, რითაც განათლებას კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია:

პირველი, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით ორმა მესამედმა მსოფლიოს ნომერ პირველ გამოწვევად კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნების დაზიანება დაასახელა, ხოლო განათლება – ამ გამოწვევებზე რეაგირების საშუალებად. ასევე, ანგარიშის თანახმად, საგანმანათლებლო პოლიტიკის და სასწავლო პროგრამების ნახევარზე მეტი არ ითვალისწინებს დაწყებითი და საშუალო განათლების ეტაპებზე კლიმატის ცვლილების შესახებ სწავლებას.

სწავლება კლიმატის ცვლილების შესახებ უნდა ჩავრთოთ განათლების ყველა დონეზე – ფორმალური განათლების დაწესებულებებში, თემებსა და სამუშაო ადგილებზეც. საგანმანათლებლო სისტემები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური უბედურებების შესახებ საინფორმაციო მედეგობას უნდა ქმნიდნენ, მათი თავიდან აცილების მიზნით.

სკოლებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ადგილობრივი თემების კლიმატისა და სტიქიური უბედურებების რისკების შესახებ ინფორმირებისა და მედეგობის ხელშეწყობაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ განათლება ვაღიაროთ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის მთავარ კომპონენტად. აღნიშნული პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოს წვლილის განსაზღვრას და ეროვნული ადაპტაციის გეგმებს.

ასეთი ინტეგრირებული მიდგომა მყარ საფუძველს ქმნის განათლების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად, კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების გაფართოების მიზნით.

მეორე – მუშახელის მწვანე უნარების განვითარება. სწავლება და უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია სამართლიან და მწვანე განვითარებაზე გადასვლისა და ეკონომიკის მდგრადობის წინსვლის მიმართულებით, განსაკუთრებით ახლა, როცა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის პაკეტები მწვანე განვითარების წახალისებას უწყობს ხელს.

აუცილებელია ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებისთვის. უმაღლესი განათლება და კვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედეგი და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების უნარის მქონე ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. „ევროპული მწვანე შეთანხმება“ და კორეის რესპუბლიკის „მწვანე შეთანხმება“ იმის საუკეთესო მაგალითებია, რომ ასეთი უნარების მქონე ადამიანების დიდი რაოდენობით მობილიზებაა საჭირო.  

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტირება ისეთ უნარებში, რითაც ადამიანები შეძლებენ ემისიების რეგულირებას, განახლებად და სუფთა ენერგიაზე გადასვლას, ნარჩენების მართვას და მწვანე და მედეგი პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარებას.

მესამე – ინვესტიციების გაზრდა მდგრადობისა და გაციფრულების დაახლოების მიზნით. ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია პერსპექტიული მიმართულებაა. გლობალური ციფრული სამშენებლო ინდუსტრიის ანუ იგივე „მშენებლობა 4.0-ის“ ბაზრის მოცულობა, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და სხვა ტექნოლოგიებს 2017 წელს დაფიქსირებული 10 მილიარდი აშშ დოლარიდან 2027 წლისთვის სავარაუდოდ 29 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. მაღალი დონის ციფრული უნარები ყველგან დიდი მოთხოვნით სარგებლობს, იქნება ეს ჭკვიანი ქსელები, ჭკვიანი ტრანსპორტი, ჭკვიანი ქალაქები, ციფრული სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო მომსახურებები თუ გიგ-ეკონომიკა.

მეოთხე – დისციპლინათაშორისი კლიმატის კვლევების გაძლიერება. დისციპლინათაშორისი განათლების გაძლიერება აუცილებელია. კოლუმბიისა და სტენფორდის პრესტიჟულმა უნივერსიტეტებმა 2020 და 2021 წლებში კლიმატის სკოლები დააარსეს. კოლუმბიის უნივერსიტეტში ეს იყო პირველი ახლადდაარსებული სკოლა ბოლო 25 წლის განმავლობაში, ხოლო სტენფორდში – პირველი ახალი სკოლა ბოლო 70 წლის განმავლობაში, რაც ხაზს უსვამს კლიმატის კრიზისის დაძლევაში განათლების მნიშვნელობას.

შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები მიმართულია მომავალი კლიმატის ლიდერების ჩამოყალიბებისა და ცოდნის გადაწყვეტილებების გენერირებისკენ. კლიმატური კვლევები განვითარებად ქვეყნებში ისეთი ფაკულტეტების თანამშრომლობით უნდა განვითარდეს როგორიცაა საინჟინრო საქმე, არქიტექტურა, სოფლის მეურნეობა, ხელოვნება, სოციალური მეცნიერებები, მმართველობა, სამართალი, საჯარო პოლიტიკა და კომუნიკაციები, რაც ხელს შეუწყობს საკითხისთვის აუცილებელი უნარების მქონე ადამიანების თავმოყრას. ასევე აუცილებელია პრობლემაზე დაფუძნებული და კონტექსტუალური მიდგომების გამოყენება.

აღნიშნული ოთხი გზა ხელს შეუწყობს მოქალაქეების ქცევის მოდელის შეცვლას უფრო მდგრადი განვითარებისკენ და პირდაპირი კავშირის დამყარებას კლიმატის კვლევის პროგრამებსა და მათ დადებით ზეგავლენას შორის კლიმატის ადაპტაციისა და შერბილების საქმეში. კლიმატის ცვლილების მიზნების შესრულებისთვის აუცილებელია განათლება დაუკავშირდეს ბევრ სხვა აქტორს და აუცილებელია განათლება გახდეს პრიორიტეტი.

ქართული ვერსია პირველად გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე: http://mastsavlebeli.ge/

ავტორები:

შანტი ჯაგანათანი, განათლების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი

არგია სინჰა როი, კლიმატის ცვლილების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი